2019 წლის, 17-18 ოქტომბერს, წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, სათემო ლიდერთა ფორუმი ჩატარდა, რომელიც ყველაზე ძლიერ ადამიანებს მიეძღვნათ - სოფლად მცხოვრებ ქალებს. ადამიანებს, რომლებიც დაუღალავი შრომის შედეგად ცვლიან სოფლის და შესაბამისად ქვეყნის მომავალს.
სათემო ლიდერთა ფორუმი მიზნად ისახავს სათემო ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას, სათემო ორგანიზაციებს შორის კონტაქტების დამყარებას, წარმატებული გამოცდილების გაზიარებას, სათემო ჯგუფებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებასა და განხილვას.
სათემო ლიდერთა ფორუმზე, სათემო ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიც არის ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სათემო ინიციატივების დაფინანსების მუნიციპალური მექანიზმები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სოფლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები. გარდა თემატური სესიებისა, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა და დაჯილდოვდა 2018-2019 წლების რამდენიმე საუკეთესო სათემო პროექტი/ინიციატივა. მოცემული კონკურსი სათემო ორგანიზაციების პროექტების წახალისებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
სათემო ლიდერთა ფორუმს დაესწრნენ ადგილობრივი, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ცენტრალური მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, რეგიონული და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები. მრავალფეროვანმა აუდიტორიის ჩართულობამ უზრუნველყო ადგილობრივი სათემო ინიციატივებისა და პროექტების პოპულარიზაცია, ასევე დაინტერესებულ მხარეთა შორის კონტაქტების გამყარება.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). ასევე ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები იყვნენ გაეროს ერთობლივი პროგრამა და საერთაშორისო ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის"